Saturday, March 26, 2011

Jack Kerouac-man I am beat






როგორც პაპაჩემისთვის, ჩემთვისაც, ნამდვილი ამერიკა ველურ, თავდაჯერებულ ინდივიდუალიზმს ნიშნავდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის, ამდენი კაი ბიჭის დაღუპვამ (რომელთა შორის ბევრი ჩემი ძმაკაციც იყო) ეს გრძნობა ნელ-ნელა გააქრო... თუმცა, მოგვიანებით, სრულიად მოულოდნელად, კვლავ ამოტივტივდა - გამოჩნდნენ ქუჩებში მოტასავე ჰიპსტერები, რომლებიც გამვლელებს ეღადავებოდნენ და წესიერ მოქალაქეებს მოსვენებას არ აძლევდნენ; ისინიც, თავის მხრივ, შეშლილი სიფათებით მიჰყვიროდნენ მათ: `ეეე, გარეკე???!!!` ჰიპსტერები პირველად თაიმს-სკვერში ვნახე, 1944 წელს, და სიმართლე ითქვას, მათი დანახვით არ აღვფრთოვანებულვარ. ერთ-ერთი მათგანი, ჩიკაგოელი ტიპი, მომიახლოვდა და მითხრა: `დავილეწე ძმაო!`, (Man, Im beat). ეგრევე მივხვდი რასაც გულისხმობდა. ამ დროისათვის ჯერ არ ვიყავი ბოპში გადავარდნილი (ჩარლი `ბერდ` პარკერი, დიზი გილესპი და ბეგზი ჯექსონი რომ უბერავდნენ; სვინგის უკანასკნელ, დიდ მუსიკოსად დონ ბაიეზს მიიჩნევდნენ, რომელიც მალე ესპანეთში აითესა), - მაგრამ მოგვიანებით გავრეკე... ჯერ ჩემი ძველი ჯაზ-ფირფიტები ამოვქექე მინტონ ფლეიჰაუსში; ლესტერ იანგი, ბენ უებსტერი, ჯონ გაი, ჩარლი კრისტიანი... და სხვებიც. როცა ჩიორასა და დიზის მოვუსმინე კლუბ “Three Dueces"-ში, მივხვდი, რომ ისინი სერიოზული მუსიკოსები იყვნენ; უთავბოლო, გალეშილი ახალი საუნდით უკრავდნენ, და ყველაფერი დავიკიდე, რასაც ადრე ვფიქრობდი მე, ან ჩემი ძმაკაცი სეიმური... არადა, იმ საღამოს ბარმენის დახლთან ვიჯექი და ლუდს ვწრუპავდი, როცა უცბად დიზი მოვარდა და ბარმენს ჭიქაში რაღაცა დაასხმევინა (ალბათ წყალი), თავად ჩემს წინ დადგა და ხელგაშვერილი ჭიქისკენ იქაჩებოდა, კინაღამ კისერი მომტეხა, შემდეგ კი ცეკვა-ცეკვით უკან დაახვია. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხოტბას შევასხამდი... და რაღაც უაზრო გარემოებების გამო მის ერთ-ერთ გამოსვლას აღვწერდი. ჩარლი პარკერზე ჰარლემში ამბობდნენ, ჩუ ბერისა და ლუი არმსტრონგის დროიდან მოყოლებული, ეგეთი არავინ გვინახავსო.
ასე თუ ისე, ჰიპსტერები, თავისი ბოპით, ბანდიტებს ჰგავდნენ, მაგრამ ერთმანეთში ისეთ რამეებზე ლაპარაკობდნენ, რაც მეც მაგრა მაინტერესებდა: გრძელი ჩანახატები - პირადი გამოცდილებიდან და ხილვებიდან, განცდებით აღსავსე აკრძალული აღსარებები; ალიაქოთი, აურზაური, ახალგაზრდული სულის მოუსვენრობა (რომელიც ასე ჰგავდა პირველყოფილის სულს)... და როცა იმ ჩიკაგოელმა ტიპმა, უიმედო თვალებში გამკრთალი ნაპერწკლით, გვითხრა `გავილეწეო`, გაიჟღერა სიტყვამ, რომელიც შესაძლოა რაღაც კარნავალებიდან იყო ნასესხები, ან ნარკომანთა კაფეებში თუ გაიგონებდი მას. ეს ახალი ენა იყო, შავკანიანთა ნამდვილი ჟარგონი; სიტყვა, რომელიც ლაკონურად გამოხატავდა ათას რამეს (დავილეწე, განგრეული ვარ, გამოვქლიავდი) და რომელსაც ადვილად ეჩვეოდი, ისევე როგორც "Hung up"-ს.
ზოგი ჰიპსტერი მაგარი დაცენტრილი იყო, უაზროდ ფრთაშესხმული თავისას უბერავდა. ისე, მაგრა ხურავდა... კონცერტი ყოველ ღამე იმართებოდა და რამე... 1948 წლისათვის კი ყველაფერი ნათელი გახდა - ქუჩებში ვიბოდიალებთ და დავებაზრებით ყველას, ვინც კარგი თვალით შემოგვხედავს... სიმპათიას კი ჰიპსტერები კილომეტრზე გრძნობდნენ... სწორედ იმ წელიწადს შევხვდი მონტგომერ კლიფტს, გაუპარსავი იყო და ნახმარ ქურთუკს ატარებდა. მედისონ ავენიუზე ეშვებოდა მობუზული, მასთან ჩარლი `ბერდ` პარკერი იყო, მაღალყელიან შავ სვიტერში გამოწყობილი, ბებს გონსალესი და ვიღაც მაგარი ნაშა.
გაუგებრობის მიზეზი, რომელიც `ჰიპსტერებთან` და `დალეწილ თაობასთან` იყო დაკავშირებული, იმაში მდგომარეობდა, რომ ორი სახის ჰიპსტერიზმი არსებობდა:
1. "cool" (მშვიდი, უშფოთველი) - დუმილში ჩაძირული წვეროსანი ტიპები, სახეზე გესლიანი ღრმააზროვნება რომ ჰქონდათ აღბეჭდილი; ისინი ბიტნიკთა ბარებში ისხდნენ ხოლმე და მთელი დღე სიფათებს კერავდნენ... ლაპარაკობდნენ დაბალ ხმაზე, ნაშები კი შავებში იყვნენ გამოწყობილნი და როგორც წესი, ხმას არ იღებდნენ.
2. "hot" - ემოციური, დაუდგრომელი, შფოთიანი შერეკილები ანთებული თვალებით (თანაც ყოველთვის გულღია და გულახდილები); ისინი, ნაცნობებისა და თანამოაზრეთა ძიებაში ბარიდან ბარში გადარბოდნენ, მოუთმენლები მუდამ რაღაცაზე აქეზებდნენ უხალისო ბიტნიკებს, რომლებიც ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ ამ შებერტყილებისთვის. `დალეწილთა თაობის` მწერალთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამ `შფოთიანთა სკოლას` ეკუთვნის - ყოველი დილა, როგორც წესი, ლუდით იწყებოდა ხოლმე, რათა შემდგომ, საღამოსთვის, ყველა სხვა სასმელის მრავალფეროვნებით აკიაფებულიყო გამტყვრალი ცნობიერება... ძირითადად, "hot" და "cool"-ის თანაფარდობა 50-50-ზე იყო. მაგალითად, ისეთი დაუდგრომელი ჰიპსტერი, როგორც მე ვარ, ბოლოს და ბოლოს, ღრმა ბუდისტურ მედიტაციაში ვეშვები ხოლმე; მაგრამ, როცა ჯაზ-კონცერტზე ვარ, ახლაც ვგრძნობ, როგორ ვიქოქები მუსიკოსთა შეძახილებზე: `მიდი, მიდი, შეუბერე` (blow, baby, blow!) - თუმცა კი უკვე დავბერდი ეგეთი რაღაცეებისთვის.
1948 წელს `შფოთიანი` ჰიპსტერები მანქანებით დაქროდნენ (როგორც ეს “On the Road"-შია აღწერილი) ველური, ცეცხლოვანი ჯაზის ძიებაში, ისეთის, ვილი დიქსონი, ლაქი თომპსონი და ჩაბი ჯექსონის ბიგ-ბენდი რომ უკრავდა; მაშინ, როცა `მშვიდები`, საკუთარ თავში ჩაძირულნი ლენი ტრისტანოსა და მაილს დევისის `წესიერ`, მაგრამ ძლიერ ჯგუფებს უსმენდნენ... ყველაფერი ეს, თავის მასშტაბებით ეროვნულ თაობად იქცა, რომელსაც "BEAT"-ის იარლიყი მიაკერეს. რა თქმა უნდა, ეს ტიტული არც ერთ ჰიპსტერს არ ევასა. სიტყვა beat-ით თავიდან უქონელ, გადაღლილ, ცხოვრების საზღვრებიდან მოსროლილ ადამიანს აღნიშნავდნენ და ასეთებში, როგორც წესი, დამწუხრებულ მაწანწალებსა და მიწისქვეშა გასასვლელების ბინადრებს გულისხმობდნენ. ახლა ამ სიტყვამ ოფიციალური სტატუსი მოიპოვა და მას იმ ადამიანთა მიმართ იყენებენ, რომელთაც ცხოვრებაში აზრადაც არ მოსვლიათ მიწისქვეშ ღამის გათენება, მაგრამ რომლებიც ერთმანეთში ახალ ენაზე საუბრობენ და ყველასგან განსხვავდებიან ზნე-ჩვეულებებით.
`
გზად` 1951 წლის გასაოცარ მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, 100 ფუტის სიმაღლეზე... სწორედ აქ იქცა სიტყვად `გალეწილი თაობის` სახე. დავწერე წიგნი და მას შემდეგ, თან დავათრევდი, საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს, თუ სხვა ველური თავყრილობა, სადაც პატარა ბიჭებს ვაბოლებდი ხოლმე, ძალზე მგრძნობიარე ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სიბინძურეში უკვე საბოლოოდ გამოთაყვანებულიყვნენ.
`გზად`-ის ხელნაწერი 100 ფუტიანი სიმაღლიდან მიწაზე დაეშვა... მაშინ, როცა ჩემმა გამომცემელმა, ძალზე ინტელიგენტურმა ადამიანმა, მითხრა, ჯეკ, თითქმის დოსტოევსკისეული რამეა... მაგრამ ახლა, ამ ქვეყანაში ვინ წაიკითხავს ასეთ წიგნს..?` მეც დავიკიდე... ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაფერი ვიყავი და ამავე დროს, არაფერიც: მაწანწალა, მეშახტე, მეზღვაური, გლახა, ჟურნალისტი, მექსიკელი ფსევდოინდიელი, მაგრამ წერას მაინც ვაგრძელებდი... ჩემი კერპი გოეთე იყო, მჯეროდა ხელოვნების ძალმოსილებისა, ვოცნებობდი, რომ ოდესმე ფაუსტის მე-3 ნაწილსაც დავწერდი, რაც შემდეგ `დოქტორ საქსში` განვახორციელე. 1955 წელს გამოჩნდა სტატია `დალეწილი თაობის ჯაზი`, ასე რომ, ეს სიტყვა სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა, კატასავით მრავლდებოდა, იგივე სისწრაფითა და მსგავსი შესრულებით. ყველგან ნახავდით უცნაურ, მოჰიპო ტიპებს, კოლეჯის მოსწავლეებს, რომლებიც დასაყრდენს ეძიებდნენ და ლაპარაკისას ზუსტად იმავე სიტყვებს ხმარობდნენ, პირველად თაიმს სკვერზე რომ გავიგონე ოდესრაც.
1957 წელი. ბოლოს და ბოლოს გამოქვეყნდა `გზად`. თითქოს ყველაფერი შეიძრა, ბევრი გააერთიანა ამ აზრებმა და ყველა `გალეწილი თაობის` შესახებ ლაპარაკობდა... სადაც არ გამოვჩნდებოდი, მარცხნივ და მარჯვნივ, ინტერვიუს ვიძლეოდი, ზოგს ბიტნიკს უწოდებდნენ, ზოგს დალეწილს, ჯაზმენს, ბოპნიკს და საბოლოოდ მთელი ამ ალიაქოთის ავტორად მე გამომაცხადეს ბოიშვილი ვიყო.

source:literatura.ge