Wednesday, May 5, 2010

ნიცშეანიზმი და ქრისტიანული მცნებები

ნიცშეს ცთომილება მხოლოდ ცარიელი ამპარტავნება არ არის, ცხადია. ნიცშემ შექმნა მოძღვრება, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერში ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.
ა. ათი მცნება.
1. მე ვარ ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ-და ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
ნიცშე კი განაცხადებს, რომ "ღმერთი მოკვდა!" და ეწევა უკიდურეს ღვთისმგმობელობას. ის საერთოდ უარყოფს ღმერთს, როგორც ასეთს, რომელიც არ უნდა იყოს იგი. თვლის, რომ ამაყ და ძლიერ ადამიანს ღმერთი არასოდეს ესაჭიროება, ლოცვას კი სამარცხვინოდ მიიჩნევს "ხოლო ლოცვა სიბილწეა!" "აწ ღმერთებისთვის რაღად ვინაღვლო!"
2. არა ჰქმნა თვისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რამდენი არს ცათა შინა - ზე, რაოდენი არს ქვეყანასა ზედა - ქვე, რაოდენი არს წყალთა შინა - ქვეშე ქვეყნისა: არა თაყვანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ნიცშემ საკუთარ თავს შუქმნა კერპი - ზეკაცის სახით, ზეკაცისა, რომელიც ანტიქრისტიანული ორიენტირებით ცხოვრობს. ნიცშეს "არწივები, გველები, ლომები"- კერპებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ავტორი მათ ეთაყვანება და აიდეალებს.
6. არა კაც-ჰკლა.
ნიცშე აიდეალებს და კულტად ხდის ომს, როგორიც არ უნდა იყოს იგი: "კარგი ომია, რომელი ყოველ საგანს აკურთხებს"... "ხოლო მე სისხლი მიყვარს". /ციტატები "ზარატუსტრადან".../
8. არა იპარო.
ნიცშე ამბობს /ზარატუსტრას პირით/, რომ ჩვენ, დამპყრობლები, წამოვიღებთ ყველაფერს, რაც მოგვეწონება, ულამაზესი ქალების ჩათვლით. იგივე "დოგმა" არღვევს მე-10 მცნებასაც.
ბ. ცხრა ნეტარება
1. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.
სულით გლახაკობაში თავმდაბლობა იგულისხმება.
"ცის მტვერში კი ნუ ჰყოფთ თავებს, არამედ ამაყად გეჭიროთ იგი, კეთილშობილი თავი, ჰე, ძმანო !" - ამბობს ნიცშე. საერთოდ, ვთქვით, რომ ნიცშე ამპარტავნებით იყო შეპყრობილი, ასე რომ ამ ნეტარების "დაცვაზე" ლაპარაკი ზედმეტად მიგვაჩნია.
2. ნეტარ არიან მგლოვიარენი გულითა, რამეთუ ისინი ნუგეშცემულ იქმნებიან.
გავიხსენოთ, როგორ აიდეალებს ნიცშე სიცილისა და დიონისურ მხიარულებას - ორგიას. "თვით ბავშვიც ჰპოვებს ამქვეყნად სასაცილოსო" - ამბობს. აქვე გვახსენდება ნიცშეს კიდევ ერთი იდეალი: "ესეა ჟამი ჩემი - ლომი მცინარი მტრედთა გუნდითა".
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
რა შორს დგას ეს ნათქვამი ნიცშეს ვოლუნტარიზმისაგან, ავანტიურიზმისაგან, ომის კულტისაგან ! "ჯერ არს მამაკაცი აღზრდილ იქმნეს ომისათვის". "სჯობს ბედი საკუთარი მუშტებით გამოსჭედო"... "არ მიყვარს მამაკაცი ფეხაკრეფით მოსიარულე, რომლის ფეხები დეზებს არ აწკარუნებენ!", "ხოლო ასე მსურს: მამაკაცი ომის, ხოლო დედაკაცი შვილოსნობის უნარით, ორივენი კი თავით და ფეხით ცეკვის უნარით". "ჩვენ გვინდა მამრებად დავრჩეთ და აქ, მიწაზე, მიწის სასუფეველში!" /ციტატები "ზარატუსტრადან"/. და ა.შ.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთ შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ ისინი განსძღნენ.
ნიცშე: "ხოლო სმა-ჭამის ხელოვნება ამაო ხელოვნება არ არის!" ისევ ნიცშე: "შემუსრეთ, შემუსრეთ, ძმანო, ესე მართალნი და კეთილნი!"
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ნიცშე: "მთასა ზედა ზეთისხილისა, ავრბივარ მაღალ მთაზე და დავცინი ყოველ შებრალებას!" ნიცშე აიდეალებს სისასტიკეს, დაუნდობლობას, თუ მისი წყარო ძლიერებაა.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
ისევ გვახსენდება ომის იდეალიზირება, "ხოლო მე სისხლი მიყვარს! /"ზარატუსტრა"/ "ასე მწამს მამრი ომისთვის...." და სხვა.
8. ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ნიცშე: "შეისმინევით, ჰე, ძმანო! შემუსრეთ, შემუსრეთ ესე მართალნი და კეთილნი!" და სხვა მრავალი ამდაგვარი.
ვგონებთ, სურათი ნათელია და თემის გავრცობას აზრი არ აქვს: ნიცშეანიზმი ქრისტიანობის საპირისპირო მოვლენაა.
თავად ნიცშე კი, ღვთის ნებით, გადარჩა ღვთაებრივ განკითხვას და ალიგიერისებურ ჯოჯოხეთს, და გაუგონარმა მოწამებრივმა ხვედრმა სული განუწმინდა, ვითარცა ცთომილსა და უძღებ შვილს, რათა განესვენა წიაღსა შინა უფლისა, ვით ღვთის ნიშნით დაბადებულს.
თერთმეტწლიანი კათარზისის შემდეგ, 1900 წელს ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა.


ბოლოს მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო ნიცშეს ნაწარმოებებიდან.
"ადამიანი ბოროტია" - ნუგეშად მეტყოდნენ ყველა ბრძენნი. ჰე, ნეტავი ეს დღეს მართალი იყოს! ბოროტება ადამიანის უკეთესი ძალაა.
ადამიანს უნდა უკეთესი და უფრო ბოროტი გახდეს! - ამას ვასწავლი. უბოროტესი უხმს ზეკაცის სიკეთისათვის... მე მახარებს დიდი ცოდვა, ვით ჩემი დიდი ნუგეში"1 - წერს ნიცშე.



წყარო:გამოკვლევები-რატი ნინუა 1998წ

4 comments:

  1. აჰამ :) ნიცშეზე საკუთარი აზრი მაქვს და მორწმუნეც ვარ ასე რომ შეგნებულად არ ვკითხულობ ამ პოსტს :))) ზარატუსტრა რომ წავიკითხე მახსოვს მართლა ამომიტრიალა სამყარო და შეხედულებები :) მაგრამ როგორც სჩანს საკუთარი აზრები ყველაფერზე ძლიერი აღმომაჩნდა :D

    ReplyDelete
  2. წაიკითხე თუ მარტლაც ძლიერი ნებისყოფა გაქვს მაშინ უმაგრესია:)

    ReplyDelete
  3. ნიცშე იმასაც ამბობდა ვისაც ყური აქვს ისმინოსო აუცილებელი არაა ყველგან ცხვირი ჩაყოთ

    ReplyDelete
  4. MmaNia

    ki ambobda:)

    da bolo fraza ras nishnavs? tu ar damzardebit madlobeli dagrchebi:0

    ReplyDelete