Wednesday, April 21, 2010

აბელი და კაენი


აბელი და კაენი


აბელის მოდგმავ, ყლურწე და ჭამე:
ღმერთი გიღიმის კმაყოფილებით.

კაენის მოდგმავ, ტალახში სადმე
ჩაკვდი, შეჭმული შენი ტილებით.

აბელის მოდგმავ, ზვარაკი შენი
თვით სერაფიმთა გულს ეამება.

კაენის მოდგმავ, ცის განაჩენით-
დასრულდება კი შენი წამება?

აბელის მოდგმავ, ამდენი ხვავით
და საქონელით დაგიდგა დახლი!

კაენის მოდგმავ, შიმშილით მწვავით
გიყმუის კუჭი, ვით ძუკნა ძაღლი.

აბელის მოდგმავ, მიათბე ფაშვი
პატრიარქალურ შენს ცეცხლს და ქურას.

კაენის მოდგმავ, ამაოდ დაშვრი
მაგ ცივ ბუნაგში, საბრალო ტურავ!

აბელის მ,ოდგმავ, იმრავლე ათად,
თვით შენი ოქრო შობს თავის შვილებს!

კაენის მოდგმავ, ეგ ღორის მადა
შენივე გულს წვავს და აპილპილებს.

აბელის მოდგმავ, ღრღნი, თანაც რწმენით
როგორც ეს იცის ხეების მუმლმა.

კაენის მოდგმავ, ოჯახი შენი
ათრიე გზებზე სისხლმოწამლულმა.

...........

აბელის მოდგმავ! სულო ბოლოს სადმე
შავ მიწას მსუყე ნეშოდ ერგები.

კაენის მოდგმავ! შენ შენი საქმე
ბოლომდე არ გაქვს ჯერ ნაკეთები.

აბელის მოდგმავ, სირცხვილო შენი:
შუბთან იწვნია სახნისმა მარცხი!

კაენის მოდგმავ, ცას აწვდი ფრენით
და თვით უფალი ძირს დაანარცხე!


p.s:ბოდლერი დეკადენტური პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.თუმცა ზოგის აზრით ის დეკადენტიზმს არ ეკუთვნის......

No comments:

Post a Comment