Saturday, May 8, 2010

ზაზა კოშკაძე

ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი,
ვტირი, ვტირი დავიღადრე ლოყა.
ლუციფერმა ჩამომართვა ხელი,
თვალებიდან ღმერთი გამომწოვა.

მამაჩემთან მიღალატა ცოლმა,
შვილმა ისევ მომაფურთხა სულში..
ჩემი სორო იცის ყველა ღორმა,
მე კი სიტყვაც ვერ გითხარი გუშინ..

სისხლი ათოვს ჩემი სულის თაღებს,
ციდან ცამდე ტანზე მაყრის ტაო.
ნახე როგორ მალამაზებს ცოდვა
და სიკვდილის ლურჯი სააქაო.

ჩემი კოცნით ანგელოზი მოკვდა,
ამ სხეულში ბუდობს შავი ჭირი.
ღმერთო როდის ჩავძაღლდები ნეტავ,
ღმერთო როდის გათავდება ფირი..

ერთხელ მაინც დაენახე მზეო,
ჩემს დახეთქილ და დაკაწრულ წვივებს.
მე ხომ შენი ცისარტყელა მტკივა
და ვეღარ ვგრძნობ ჩემს გარდაცვლილ სიზმრებს..

და ცახცახით ამიტანა შიშმა,
ვწვალობ, ვეღარ ვამოძრავებ ხელებს,
საფეთქელში რომ დავირტყა დანა
ან მხეცურად დავისერო ტანი.

ვტირი ვტირი დავიღადრე ლოყა,
ჩემმა ლექსმა გამოიჭრა ყელი..


..............
ამინ!

წყეულიმც იყოს სული შენი და არსება შენი,
წყეულიმც იყოს ხმა შენი სირინოზის ხმაზე უტკბესი,
წყეულიმც იყოს მზერა შენი წმინდანო ჩემო
და მაგ თვალების ჩემს სიზმრებში გამოდარება.

წყეულიმც იყოს ყელი შენი და მკერდი შენი
და შენი თმების ტაატი და ცეკვა ქარში,
წყეულიმც იყოს შენი სახის ყოველი ლანდი,
მე რომ სახლამდე მიმყვება და მიმყვება მარშით.

წყეულიმც იყოს ვარდისფერი ფეხისგულები
და მათი კოცნით დახეთქილი ჩემი ტუჩები,
წყეულიმც იყოს უწმინდესი ზეწარი იგი,
სად დამიტოვე შენი ტანის სუნი და სითბო.

წყეულიმც იყოს ყოველი გზა სადაც გივლია
და ის აღმართიც, ოდესღაც რომ მოჰყავდი ჩემთან,
მეწვის და მტკივა შენთან ყოფნის ყოველი წამი,
წყეულიმც იყოს სილამაზე გარდასულ დღეთა.

წყეულიმც იყოს ... მე დავხიე ჩემი ბიბლია,
წყეულიმც იყოს... მეზიზღები სულის კი
აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე
დემდე,

წყეულიმც იყავ შენ...
წყეულიმც იყავ შენ...
ა მ ი ნ!



აუ ძალიან მაგარი ლექსებია.ჩემი აზრიტ ყველაზე გამორჩეული როგორც თავისი ასევე, ვარდისფერი ავტობუსის შემოქმედებიდანაც......

No comments:

Post a Comment