Wednesday, May 12, 2010

ორკები

ორკები არიან არდას ერთ-ერთი ყველაზე რიცხვმრავალი ერი, ისინი ემორჩილებიან ბოროტებას, რომელმაც მათ ჩაუყარა საფუძველი.

პირველი ორკები

არდას ბნელ საუკუნეებში, როდესაც შუამიწეთი ვალარებისაგან მიტოვებული იყო და ჯერ კიდევ არ გამოენათებინათ მზესა და მთვარეს, პირველი ელფები ქუივიენენის ტბასთან გაჩნდნენ და მხოლოდ ვარსკვლავები აძლევდნენ მათ შუქს. მელკორის მაშინდელი საუფლო იყო უტუმნო, რომელიც ძევდა შუამიწეთის ჩრდილოეთში. მელკორი სწორედ ის იყო, ვინც პირველი ელფები აღმოაჩინა. ბნელმა მბრძანებელმა დააფრთხო და დააწიოკა ელფები და ვინც კი ხელიდან ვერ დაუსხლტა, უტუმნოს ციხეებში იქნა წაყვანილი, სადაც აუტანელი წამებისა და საშინელებების შედეგად მათი გონება გაბოროტდა, ხოლო გარეგნობა დამახინჯდა. სილმარილიონის მიხედვით ასე გაჩნდნენ პირველი ორკები არდაში, თუმცა ამაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, რადგან „შუამიწეთის ისტორია“-ში სხვა მიზეზები მათი გაჩენის სხვა მიზეზები სახელდება.

ასევე სახელდება, რომ ორკები ადამიანებისგან შეიქმნენ და რომ ისინი მოკვდავების „ბიზარული“ ვარიანტები არიან. ეს ვარაუდი ალბათ იმიტომ წარმოიშვა, რომ ორკები ელფებივით უკვდავნი არ არიან, ისინი აღწევენ საშუალოდ 140-160 წელს, რაც ადამიანისათვის ბევრია. აგრეთვე ორკი ადამიანის მონათესავად იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ ისინი ათასწლეულებით უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე მოკვდავები. თავად ტოლკინი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ორკები უსულო არსებები, ანუ „გოლემები“ არიან, ანდა დაცემული მაიარები. მელკორის მბრძანებლობის დროს მართლაც იყვნენ ორკები, რომლებიც პირდაპირი მონები იყვნენ ამ უკანასკნელის, ანუ ისინი მელკორის ინკარნაციად შეიძლება ჩავთვალოთ. ბოროტი მბრძანებლის დაცემის შედეგად ასეთი ორკები უმალვე გადაშენდნენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სული არ გააჩნდათ და მხოლოდ ''მარიონეტები'' იყვნენ.
ორკები ბუნებით ბოროტები არ არიან, უბრალოდ მათი მოდგმა უარყოფითი სახისაა, ამიტომ მათი „გამოსწორება“ შეუძლებელია.

გარეგნობა

ტოლკინის ორკები საკმაოდ განსხვავდებიან იმ ორკებისაგან, რომლებიც პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში არიან ნაჩვენები.

ისინი აღწერილები არიან, როგორც წელში მოხრილი, გრძელთმიანი, ფეხებმოღუნული, გრძელმკლავება არსებები, რომლებსაც აქვთ წვრილი თვალის ჭრილი და ყვითელი, წითელი, ან მწვანედ განათებული თვალები და შავი კანი. ორკები არიან საშინლად ბინძურები, რადგან მათ არ იციან დაბანა. ტანზე ხშირი თმა აქვთ, ხოლო კბილების მაგივრად - ეშვები. გამომდინარე იქიდან, რომ მათში ქსოვა-კერვა არ იციან, მათი სამოსი ცხოველის ტყავისგან მზადდება. რადგან მეომრებად არიან დაბადებულნი, ხშირად ატარებენ აბჯარს, რომელიც ტრადიციულად შავია. იარაღად იყენებენ შუბებს, მოკლე მშვილდებს და მასთან ერთად შხამიან ისრებს, სხვადასხვანაირ დანებსა და ფარებს, რომელზეც ხშირად გამოყვანილია მორდორის წითელი თვალი. ორკები ატარებენ შავ მოსასხამებს და შიშისმომგვრელ, ნისკარტიან მუზარადებს.

კულტურა

ორკებს ბატონობენ მეთაურები და დიდებულები, რომლებიც უფრო ძლიერი და სისხლსმოწყურებული ოჯახებიდან არიან, ვიდრე სხვა ორკები. ასეთი ორკები ომებშიც მეთაურობენ, თუმცა თავადვე ემორჩილებიან მათზე ძლიერ ძალას (მაგალითად ნაზგულებს). მიუხედავად იმისა, რომ ორკები უშნო საგნებს ამზადებენ, ისინი მაინც ითვლებიან ნიჭიერ მჭედლებად და ხელოსნებად - ისევე, როგორც მთის საკმაოდ მოქნილ ხალხად ითვლებიან. მედიცინა მათ საკმაოდ განვითარებული და ეფექტური აქვთ. მაგრამ ამავე დროს, სამედიცინო ჩარევის პროცესი მათში საკმაოდ მტკივნეულია. გარკვეულ დონეზე ორკები ფლობენ ჯადოსნურ ძალებსაც.
ორკების სხვადასხვა ტომი ერთმანეთის მიმართ სიძულვილს იჩენს, როგორც ყველაფრის მიმართ არდაში და, გამომდინარე აქედან, თუ საერთო მტერი არ ჰყავთ, ისინი ერთმანეთს ხოცავენ და ეომებიან.

რასები

ორკების მოდგმა ორ ძირითად რასად იყოფა. ესენი არიან შედარებით სუსტი, პატარა ორკები - ანუ სნაგა (მონა) - და დიდი, ძლიერი მეომრები, ანუ ურუკ-ჰაი (ორკთა ერი).


ფილმის მიხედვით ურუკები არიან სარუმანის მიერ შექმნილი ორკული რასის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანებთან შეჯვარების შემდეგ ჩამოყალიბდა, ამიტომაც ურუკ-ჰაებს უწოდებენ აიზენგარდელ დიდ ორკებს, რომლებიც ჰელმის ხევის ბძოლაში მონაწილეობდნენ. სინამდვილეში კი, ადამიანთა და ორკთა ნაჯვარ რასას ეწოდება გობლინ-კაცი. ცნობილი ურუკები არიან შაგრატი, უგლუკი, გრიშნაქხი.

ორკთა ენა


პირველ ორკებს საკუთარი ენა არ გააჩნდათ, ამიტომ კრეფდნენ სიტყვებს, სხვადასხვა ენებიდან და საუბრობდნენ თავიანთ დიალექტებზე. ასე შეიქმნა მრავალი ენა, რომელთა საერთო სახელი ორკული იყო, თუმცა ეს ენები იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, რომ ორკთა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებს უწევდათ ვესტრონული ენა გამოეყენებინათ, რათა ერთმანეთის გაეგოთ. საურონმა სცადა, ორკთათვის შეექმნა საერთო ენა, რომელსაც ბნელი ენა ეწოდა, თუმცა მას მხოლოდ ბარად-დურში, მინას მორგულსა და დოლ-გულდურში იყენებდნენ. ამ ენაზე მხოლოდ რამდენიმე ფრაზაა ცნობილი და, რა თქმა უნდა, წარწერა ბეჭედზე:

”Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul”...

მდედრი ორკები

მიუხედავად იმისა, რომ ტოლკინი წერს, რომ ორკები ისევე მრავლდებიან, როგორც ილუვატარის სხვა შვილები, მას არსად ჰყავს ნახსენები მდედრობითი ორკი (შესაბამისად, პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში, ორკები თითქოს უსქესოები არიან).

”ჰობიტში” გვხვდება მოზარდი ორკი, რაც იმას ამტკიცებს, რომ ორკები ელფებივით და ადამიანებივით მრავლდებიან, (თუმცა შედარებით სწრაფად) და არა ისე, როგორც ფილმშია ნაჩვენები, სადაც ტალახიანი ღრმულებიდან ამოჰყავთ უკვე ზრდასრული ორკები.

ორკები სიკვდილის შემდეგ

სადავო თემაა ისიც, თუ რა ემართებათ დაცემულ ორკებს. ტოლკინმა მტკიცე უარი განაცხადა იმ მოსაზრებაზე, რომ ორკები უსულო არსებები არიან და მორგოთი მართავს მათ. თუ დავუჯერებთ იმას, რომ ორკები გადაგვარებული ელფები არიან, მაშინ ისინი უკვდავნი უნდა იყვნენ და უნდა გააჩნდეთ ფეა (სული), რომელიც სხეულის დატოვების შემდეგ მანდოსში უნდა გადავიდეს. მაგრამ ტოლკინი იმასაც წერს, რომ ორკთა სულები წახდენილი და გაბოროტებული იყო, ასეთ ფეას კი ვალინორში არ მიიღებდნენ და მანდოსი არც კი გამოიძახებდა მათ. მაშინ გამოდის, რომ ორკთა სულები შუამიწეთში რჩებიან და იმყუდრებენ შიშისმომგვრელ ადგილებში და ისიც დასაშვებია, რომ აკლდამების ურჩხულები სწორედ მიცვალებული ორკები იყვნენ.

No comments:

Post a Comment